“წუხელ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, არაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო – დაზიანდა მუნიციპალური ქონება, ადგილი ჰქონდა პოლიციაზე თავდასხმის ფაქტებს და ა.შ.
“გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც განსხვავებული აზრის მიმართ არსებობდა, მაგრამ გადაცდენების შემთხვევაში, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს. წუხელ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმებს პოლიციაზე, ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფას, დაზიანებულია მუნიციპალური ქონება. არაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, არც ერთ ჯგუფს არ მიეცემა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის შესაძლებლობა.
“არავის მივცემთ უფლებას, მოახდინოს ქვეყანის დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნის მტრებს გააჩნიათ სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს. პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ – სჭირდებათ აგენტები, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, იქნება ეს მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის ომში ჩათრევა და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. საზოგადოება განვითარებულია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს და არა რევოლუციითა და გადატრიალებით. ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არსებულ რადიკალურ ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მანვე შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამართალდამცველებს წესრიგის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.