თბილისის მერს ისრები ლევან ხაბეიშვილზე გადააქვს – კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებს ენმ-ის თავმჯდომარე არ უცემიათ. მეტიც, მისი თქმით, ათეულობით რობოკოპის ცემას თავად ხაბეიშვილი აპირებდა და სპეცრაზმი თავს მისგან იცავდა.
ახალი ვერსია პოლიტიკური დაკვეთით ნაცემი პოლიტიკოსის შესახებ კალაძემ ცოტახნის წინ გააჟღერა. მერი პოლიციელებზე თავდასხმაში სასტიკად ნაცემ დეპუტატსა და ყველა იმ ადამიანს ადანაშაულებს, რომელთაც გუშინ აქციაზე სპეცრაზმი ქუჩა-ქუჩა სცემდა.
სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? – ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა.
რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო და არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის არ აქვს უფლება, რომ [ხალხს] მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები და ა.შ.
მშვიდობიანად ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ როდესაც მოუწოდებ იქ მდგომ ახალგაზრდებს, ბლოკირება მოახდინონ საკანონმდებლო ორგანოსი, როდესაც მოუწოდებ ქვების, ბოთლების სროლისკენ, ეს არის ძალიან მძიმე.
ოპოზიციის მხრიდან სპეცრაზმელების ამოცნობა და სურათების სოციალურ ქსელში გამომჟღავნება ფსიქოლოგიური ტერორია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. სიახლე ხომ არ არის. ვიცით, საიდან მოდის ეს ყველაფერი. არის კონკრეტული უცხოური ძალები, ვინც აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში.
მე დავინახე ის, რომ მიდიოდა მშვიდობიანი აქცია. დავინახე ის, რომ კონკრეტული პირების მხრიდან ხდებოდა მოწოდება პარლამენტის ბლოკირების. ევროპაში ღირსებით შეცვლა არის კანონების დაცვა“ – ამბობს კალაძე.