გასულ ღამით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება. ალექსანდრე დარახველიძე ხაზს უსვამს, რომ შეკრებილები ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ დეპუტატებს შენობიდან გამოსვლის შესაძლებლობას.
მისივე ცნობით, აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას. “აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი”, – ამბობს დარახველიძე. მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეები უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის – ქვებსა და ბოთლებს.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაზიანება მიიღო ექვსმა პოლიციელმა. ისინი, სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში.