კალაძე – კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ როდესაც შევა ძალაში, საქართველოს მოსახლეობა გაიგებს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი

Published:

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონი შთაგონებულია არა რუსეთიდან, არამედ ამერიკის კანონმდებლობიდან.

„აღნიშნული კანონი შთაგონებულია ამერიკიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან. ჩვენ მივესალმებით FARA-ს კანონს, რომლის საშუალებითაც ბევრი სიბინძურე გახდა ცნობილი საქართველოში, რომელი ევროპარლამენტარი რა ლობიზმით მოქმედებს, რეზოლუციებს რა ლობიზმით იღებენ. მადლობა აშშ-ს, რომ მოქმედებს აღნიშნული კანონი და ბევრი რამ გახდა ცნობილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე ბევრი იქნება ცნობილი, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით შევა ძალაში და გაიგებს საქართველოს მოსახლეობა, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე უპასუხა მედიის შეკითხვას „გამჭირვალობის“ კანონპროექტის ამერიკულ FARA-სთან შედარების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი ვერ იქნება ამერიკულის ანალოგი.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ანალოგი. ჩვენ ანალოგები და კოპირებები არ გვჭირდება. ეს არის ქართული კანონი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ ნახავთ ვერცერთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ხელისუფლებაში ვართ, რომელიც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია: „აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img