პაატა მანჯგალაძე – სუს-ი თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად 

Published:

სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად – მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს: ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს სინამდვილეში არის “ბიძინას უსაფრთხოების სამსახური”.

“ეროვნული მოძრაობის” ლიდერები 1989 წელს, 9 აპრილამდე, იმავეს იძახდნენ, რომ “ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის პრობლემების შექმნას ცდილობენ”. არ გეცნობათ? იგივე არ არის განცხადება? მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, საქართველო თავისუფალია, უფრო ძლიერია და ვერაფერს გაბედავს ვერც სუს-ი და ვერაფერი. დამთავრებულია. სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად. ასეთმა სტრუქტურამ რა უნდა გააკეთოს? ახლა ის დროა, რომ სუს-იც და პოლიციაც გადმოვიდეს ხალხის მხარეს. მე მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!”

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ეს არის “ბიძინას უსაფრთხოების სამსახური”. შესაბამისად, ბიძინა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ დემოკრატია არის საქართველოსთვის საფრთხე,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

სუს-ის განცხადებითვე, აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი, აღნიშნული სავალალო შედეგები კი საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს გაზრდის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img