ბიზნესასოციაციები “ოცნებას” რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ

Published:

ბიზნესი რუსული კანონის წინააღმდეგ – ხელისუფლების მოქმედებების წინააღმდეგ ექვსი ბიზნეს-ასოციაცია ერთიანდება. ქვეყნის ევროპული გზისა და განვითარების დასაცავდ, სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ ხალხის ხმას მოუსმინონ და ყველაზე არაევროპული კანონი უკან გაიწვიონ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენელბი მოითხოვენ ქვეყნის ევროპული მომავალი დაცული იყოს და ივანიშილის პარტიამ პოლიტიკურ ამბიციები დაძლიოს.

როგორმე უნდა მოვერიოთ ჩვენს პირად ამბიციებს, პირად გადაწყვეტილებებს და  უნდა ვთქვათ, რომ კანონი უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ეს მხოლდო და მხოლოდ შეამცირებს იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია.

კანონი, რომელმაც უდიდეს ვნებათაღელვა გამოიწვია, ჩვენს საზოგადოებაში, პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად სიკეთეს ვერ მოიტანს. ჩემი მოსაზრება არის. ის მხოლოდ და მხოლოდ, გაზრდის პოლარიზაციას, გაზრდის დაპირისპირებას და აქ, იცით რა არის, პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად გულისტკივილით და წუხილით, რომ არავინ არ დარჩება მოგებული. კანონის მიღებამდე, რეალურად, უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე გაიზარდა და მე ვიტყოდი, რაღაც უკვე კატასტროფულ სახეს იღებს ეს პოლარიზაცია. ჩვენ გვაქვს ერთი თემა ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება”, –  ამბობს საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე.

პრესკონფერენციაში სხვადასხვა ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. თითოეულმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საჭიროა, რომ ის უკან გამოიწვიონ. 

“ჩვენ ახლა ძალიან კრიტიკულ მომენტში ვართ და გერმანიის ბიზნესასოციაციის სახელით მინდა გამოვთქვა აზრი: ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკურ მოვლენებში არ ვერევით. მე ამას ვუყურებ ძალიან პრაგმატული კუთხით: ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ყველა წევრი გადაწყვეტილებას იღებდა ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებით. 5 თვის წინ, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველა ზეიმობდა. ახლა კი, სამწუხაროა, რომ ასე მცირე პერიოდში ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა. თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის სწორი განვითარება, ევროინტეგრაციის გზას არ უნდა ავცდეთ. უნდა გითხრათ, რომ უამრავი შეკითხვა მომდის ჩვენი აქციონერებისგან, უცხოელი პარტნიორებისგან და წარმოიდგინეთ რა მოხდება, როდესაც ამ კანონს მიიღებენ”, – ამბობს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი.

    Related articles

    spot_img

    Recent articles

    spot_img