ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, აღიკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.
“გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.
მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან. რამდენიმე მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამჯერად სიცოცხლის მოსპობის მუქარითაც ურეკავენ. ზარები ხორციელდება მათ ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან.