სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დაკავებულია. რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა. ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა. როგორც დაკავებულის ძმა ამბობს, პოლიციას ორდერი არ წარმოუდგენია და არ განუმარტავთ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ჩხრეკა.
„ჩხრეკა ჩატარდა უჩა აბაშიძის შეყვარებულის სახლშიც. მეზობელმა დაურეკა ოჯახის წევრს, რომ რაღაც ხდებაო და იქნებ მოხვიდეთ, თორემ ისე საერთოდ ვერ გავიგებდით. პასუხს არავინ გვცემს, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, არც ორდერი წარმოუდგენიათ. მოვიდა ადვოკატი და მასაც არ უშვებდნენ. ჩემს ძმას სიცხე ჰქონდა ბოლო ორი დღეა, ავად იყო და მინდოდა ნახვა, მაგრამ არ მანახეს. არც ის მითხრეს, სად გადაჰყავდათ. უჩაზე ღია ადამიანი აღარ არსებობს, ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც, ღიად წერდა, ყველამ იცოდა, რაც იყო რა აზრი ჰქონდა ჩხრეკას?“, – განაცხადა გიორგი აბაშიძემ.
მაშინ, როდესაც პოლიცია აბაშიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა, ადგილზე მივიდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთაც ბლოგერის სახლთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ. უჩა აბაშიძე, რომელიც კანონპროექტის აქტიური კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა, მის წინააღმდეგ გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა დაწყებული.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედბები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
„იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა გამოძიება დაწყებული. ჯერ ექსპერტიზები დაინიშნება ამ იარაღზე და შემდეგ იტყვის გამოძიება, რომელიმე რეგისტრირებული იყო თუ არ იყო“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ უჩა აბაშიძე არის ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის სცენარისტი, მისი გეგმის ნაწილია ე.წ. სატელეფონო ტერორი და, სავარაუდოდ, ის არის პარლამენტის წევრ დიმიტრი სამხარაძის შვილის მიმართ მუქარის ავტორი. კერძოდ, უცნობი პირები სამხარაძეს უმცროსი ქალიშვილის ლიკვიდაციით ემუქრებიან.
„20 საათი დაგრჩათ, ლომჯარიას, გიგაურს, ჯაფარიძეს, გვარამიას და ყველა ჩირქიანს, რომლებიც სანაცეთში ყარხართ, მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი! 20 საათი, თუ არა და მე თვითონ ამოვარჩევ თქვენში დამკვეთს! ყველანი ხართ ამაზე წამსვლელები, ამიტომ დიდად არ შევცდები! თქვენ გგონიათ ამით გამაჩერებთ? პირიქით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი მოთესლება ხელისუფლებაში არ შეიძლება და ნებისმიერი ფორმით და ხერხით უნდა აღვკვეთოთ თქვენი მცდელობები აჯობებს თქვენ არ იყოთ, ვიდრე საქართველო გაქრეს გპირდებით გაგამწარებთ“, – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი სამხარაძე.