ისტორიაში პირველად, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში ასპარეზობს. ქართველმა ხელბურთელებმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელებს “თბილისის არენაზე” უმასპინძლეს და დაძაბული მატჩი ანგარიშით 25:27 დათმეს. საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ვენაში გაიმართება და ორი მატჩის შედეგებით გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს.
მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ.
ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში თამაშის უფლება ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ მოიპოვა.