ვაშაძე – საქართველოს პარტნიორები მიუთითებენ, რომ მმართველი გუნდი თუ ამ კანონს მიიღებს, სანქციები ამოქმედდება

Published:

ქართველი ხალხის ესმის მთელ მსოფლიოს, მაგრამ სამწუხაროდ, არ ესმის ხელისუფლებას, რომელიც დღეს საქართველოში არის. ამის დასტური არის კონგრესმენების ძალიან მკაფიო, მკვეთრი და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველოს პარტნიორები მიუთითებენ, რომ მმართველი გუნდი თუ ამ კანონს მიიღებს, სანქციები მოქმედდება.„ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების გულწრფელ სურვილს გავხდეთ ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს წევრი და ისინი ვერასდროს ვერ შეეგუებიან და არ დაუშვებენ, რომ ეს ნება გააყალბოს „ქართულმა ოცნებამ“ და რუსული მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა.

პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე. სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს. მათ შორის ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს და ფაქტობრივად, ამით საკუთარ თავს დაადებს სანქციებს.

დიახ, არცერთ შემთხვევაში არ იქნება ეს ყურადღების მიღმა დარჩენილი, ამიტომ კიდევ ერთხელ ყველა პარლამენტარს, ყველა პოლიციელს, რომელიც დღენიადაგ უკანონოდ იქცევა მოვუწოდებ, დაფიქრდით თქვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ იმ დანაშაულ ქმედებებზე, რომელსაც ახლა ჩადიხართ.

ამ წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი იმ ძალადობის აქტებზე, რომელსაც ჩადის პოლიცია და ის ძალადობრივი

ჯგუფები, რომლებიც დაორგანიზებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ხაზგასმით საუბარი არის ლევან ხაბეიშვილზე და ასევე იმ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე, რომლებმაც მთლიანად ახადეს ფარდა ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ქუჩებში უსწორდება პოლიციის ან ვაი პოლიციის ხელით საქართველოს მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, გზა არის ძალიან კონკრეტული, ჩვენ ყველანი უნდა ვიდგეთ ერთად. მთელი მსოფლიო არის ჩვენს გვერდით ჩემო ძვირფასებო“, – განაცხადა ვაშაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img