სტუდენტების გაფიცვისთვის ემზადებიან – ხვალიდან ისინი პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ და ლექციებს აღარ დაესწრებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას, კავკასიის უნივერსიტეტის, ჯიპას, ალტეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს სტუდენტების გაფიცვას უერთდებიან ლექტორების ნაწილიც.
ცოტა ხნის წინ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთდა საგანგებო განცხადება. სტუდენტები ამბობენ, რომ ორშაბათიდან სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებენ და აქტიურად ჩაერთვებიან საპროტესტო მოძრაობებში.
“გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გაგაცნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება. დღეს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რუსული კანონები და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს. ხელისუფლების, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისა და მათი ზონდერ ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, დაშინება რუსული ხელწერაა და ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს.
იმ საქართველოში, სადაც გაძლიერებულია რუსეთის გავლენა, ფასს კარგავს ყველაფერი. მათ შორის, განათლებაც. ახლა გაჩუმება ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში მონაწილეობას გულისხმობს. შესაბამისად, ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას. არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში.
მადლობას ვუცხადებთ ლექტორებს, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, სხვებს კი მოვუწოდებთ შემოუერთდეს განცხადებას და დაიწყონ გაფიცვა. მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შემოგვიერთდით. მივმართავთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ღალატი და დაუბრუნდით კონსტიტუციურ ფარგლებს. ჩვენი სათქმელი მარტივია. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვიქნებით ქვეყნის სამსახურში და ვერ შეგვაშინებს ვერაფერი. ილიას გზით ევროპისკენ. არა რუსულ რეჟიმს!,” – აცხადებენ ილიაუნის სტუდენტები.