კობახიძე – სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება

Published:

სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციებზე საუბარი არის აბსოლუტურად არასერიოზული.

„ქართულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული 30 წლის განმავლობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დასავლეთს მიანდო 2 მლრდ დოლარი და რომელსაც გაუყინეს ეს 2 მლრდ დოლარი და შესაბამისად არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ დე ფაქტო სანქციას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე.

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენ ვერავითარი შანტაჟი და ვერავითარი მუქარა უკან ვერ დაგვახევინებს. თქვენ იცით როგორია საქართველოს ისტორია. ამ ქვეყანაში 3 ათასი წლის მანძილზე ადამიანები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის და როცა ასეთ დროს ვიღაც შანტაჟით ცდილობს შენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. მგონი ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება“, – განაცხადა პრემიერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img