პატრიარქი – ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს

Published:

 

 

 ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვაშია ნათქვამი.

პატრიარქი მიმართავს მრევლს, “შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს“.

“ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს!დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის.

ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება.

მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: – ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ.

შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს.

ამ ლოცვის ტექსტი ასეთია:

“კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმინდა, ქებული და განდიდებულია უკუნისამდე!

კურთხეული ხარ შენ დიდების წმინდა ტაძარში; ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!

კურთხეული ხარ შენ, უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომარე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!

კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!

კურთხეული ხარ ცის მყარზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!

აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!

აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!

აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!

ადიდეთ, წყალნო ცის ზემოთ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!

აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, მზეო და მთვარეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ყოველო წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ყოველნო ქარნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ყინვავ და ხვატო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ცვარ-ნამო და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ყინვავ და სიცივევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, თრთვილნო და თოვლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!

აკურთხეთ, დღევ და ღამევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ნათელო და ბნელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხოს დედამიწამ უფალი, უგალობოს და განადიდოს იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, უფალი, ყოველნო მცენარენო დედამიწაზე, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ უფალი, ვეშაპნო და წყალში მცურავნო, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ცის ყოველნო ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ოთხფეხნო და მიწის ყოველნო მხეცნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ, წმინდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

აკურთხეთ უფალი, ანანია, აზარია და მისაელ, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე, რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა გავარვარებული ღუმლის წიაღს, დაგვიხსნა შუაგულ ცეცხლიდან!

აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

უფლის თაყვანისმცემელნო, აკურთხეთ ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და აქეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!”

ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა.

“უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!”, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img