გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს “რუსულ კანონს.” ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას.
“გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და არ დაუშვებს “რუსულ კანონს.” ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილო არის, როცა პოლიტიკოსები ვითომ სერიოზული, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო [აქციაზე].
არაფერი დათვლა არაა საჭირო, ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს.
ხელისუფლებამ თავის მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არ აქვს არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა მას არ აქვს – ტყუილი, მანიპულაცია, მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.