რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი და როგორია ოპოზიციის გეგმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ ჯერჯერობით უცნობია.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ და მზად არიან, ამისთვის ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური წყენაც დაივიწყონ. ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენიდან ღამით მიმართეს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათი მიზანი ოპოზიციის ერთიანობის დაფიქსირებაა და გუშინდელი გამოსვლები სწორედ ამის დემონსტრაცია იყო.
“ჩემს გამოსვლაზე არანაირი პროტესტი არ ყოფილა. ჩვენი მიზანი არის ოპოზიციის ერთიანობის დაფიქსირება და ეს გავაკეთეთ ჩვენ გუშინ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა ხელისუფლებას ურჩევს, “ახალგაზრდების გაშავების ნაცვლად”, ერთი საათი მაინც გაატარონ მათ გვერდით.
“ეს იყო თვითორგანიზებული, ყველაზე გულწრფელი, პატრიოტი ადამიანებით სავსე პროტესტი, რაც კი ოდესმე მინახავს. ამიტომ, მე მათ ერთადერთ რჩევას მივცემდი, რომ ამ სამარცხვინო კამპანიის ნაცვლად, რომელსაც ახალგაზრდების გასაშავებლად აწარმოებენ, ჩამოვიდნენ და ერთი საათი მაინც გაატარონ მათ გვერდით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ქართულ ოცნების” შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ აქციები პოლიტიზებულია და ოპოზიცია ახალგაზრდებს საკუთარი რადიკალური გეგმებისთვის იყენებს.