საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტის მხრიდან არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს ჩვეულებრივად დაძლევს. ამასთან, როგორც მიქანაძემ განმარტა, პროცედურულად კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო არგუმენტაციის გარეშე წარმოადგინოს.
„ამდენი კვირის განმავლობაში, ყველა ხედავს, რომ ერთი კონკრეტული არგუმენტიც არ გაჟღერებულა კანონთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი სხვა მოლოდინი. თუკი წარმოდგენილი არაფერი იქნება ვეტოს ჩვეულებრივად დავძლევთ, თუმცა პროცედურულად კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო არგუმენტაციის გარეშე წარმოადგინოს, ასეთი რამ ბუნებაშიც არ არსებობს.
არგუმენტებს გააჩნია და ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომავალ კვირაში სავარაუდოდ, უნდა იყოს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა. შესაბამისად თუკი ისიც არგუმენტირებული იქნება და სალომე ზურაბიშვილი თავის შენიშვნებში თუ პოზიციებში ასახავს მას, მზად ვართ რომ ეს საკითხი განვიხილოთ და თუ იქ არგუმენტირებული საკითხებია, მზად ვართ რომ პოზიციები შევაჯეროთ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.