ცოტა უცნაურად გამოიყურება მინისტრების პორტფელების განაწილება, როდესაც ჯერ არც გაერთიანება არსებობს, ჩემს კოლეგებს თუ წარმოუდგენიათ, როგორ მუშაობს საპარლამენტო რესპუბლიკა, იქ არ შეიძლება მინისტრების პორტფელები წინასწარ გაანაწილო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, ჯერ პარლამენტში კოალიცია უნდა შედგეს, სადაც ყველა პარტიას თავის წონა ექნება და ამ წონის მიხედვით იქნება მინისტრების პორტფელები გადანაწილებული.
„რაც არ უნდა გააკეთო წინასწარ შეთანხმება, სინამდვილეში ასეთი ტექნიკური საკითხები წყდება არჩევნების შემდეგ. არ მგონია, რომ ასე შეიძლება „ნაცების“ საფრთხის განეიტრალება. ამის განაწილება სულ სხვანაირად უნდა კეთდებოდეს, მათ შორის საპარლამენტო სესიების მეშვეობით, სადაც „ნაცები“ აჩვენებენ, რომ სხვა პარტიებს დაუთმობენ ადგილებს და ა.შ. მაშინ რისკი ბუნებრივად შემცირდება. თორემ ახლა, რომ თქვა, „ნაცები“ არ დაიკავებენ შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას, არაფერს არ ნიშნავს. მით უმეტეს, რომ ჯერ შედეგებიც არ არის ცნობილი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არის მოთხოვნა ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს შიში, „ნაციონალებმა“ ისევ არ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. მისი თქმით, „ნაციონალები“ იმ შემთხვევაში შეიძლება იყვნენ საშიში, თუ ძალოვან სტრუქტურებს ჩაიგდებენ ხელში, მზად არიან, დათმონ, უფრო მეტსაც თმობენ, აღარ მინდა, მოვლენებს გავასწრო“.