ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში მსვლელობა გაიმართება

Published:

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო მსვლელობა სამების ტაძრისკენ, მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

თბილისის გარდა ცნობილია, რომ მსვლელობა იგეგმება სხადასხვა ეპარქიაში, მათ შორის ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში და ბათუმში.

“ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი.

წელსაც, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი აწყობენ ლოცვით მსვლელობას ამ დღესთან დაკავშირებით.

2024 წლის 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

გავერთიანდეთ და სადღესასწაულო სულისკვეთებით ვილოცოთ ჩვენი ოჯახების სიმტკიცის, სიწმინდის, ქვეყნის ძლიერებისა და მშვიდობისათვის!“ , – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img