“არ ექვემდებარება გაუმჯობესებას” – ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ვეტო გამოაქვეყნა

Published:

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები რუსული კანონის შესახებ.

დოკუმენტი 3-გვერდიანია და მასში აღწერილია კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებსაც რუსული კანონი ეწინააღმდეგება.

ვეტოს ტექსტის თანახმად, რუსული კანონი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

პრეზიდენტი ვეტოში წერს, რომ კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

ფორმულა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ეს კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთება. კანონი, ფაქტობრივად, იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი, რომლიდანაც ამოღებული სიტყვები: “უცხოური გავლენის აგენტი”, ჩანაცვლებულია ტერმინით: “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”, რომელიც ტერმინის – “აგენტის” განმარტებაა. ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ კანონი არადემოკრატიულია, ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ევროპულ სტანდარტებს.

კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არაკონსტიტუციურია, რადგან:

ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს – “გაერთიანების თავისუფლება”. კანონი აიძულებს ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ გაუქმდეს. ეწინააღმეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს – “პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხლებლობის უფლებები”. კანონი აწესებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისი პირადი და ოჯახური სივრცერ იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისგან. ამ კუთხით კანონი ინტიმიდაციას და შიშის დანერგვას ემსახურება.

ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს – “თანასწორობის უფლება”. კანონი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანებების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს და დაუსაბუთებელია. რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით. უნგრეთში მოქმედი კანონის შეფასებისას, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ უნგრეთში იურიდიული პირების განსხვავება დაფინანსების მიხედვით, არაპირდაპირი დისკრიმინაციაა.

ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს – “ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია”. კანონი თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბროკლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების პოზიცია ნათელია – კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციური ორგანოებისათვის კონსტიტუციით დაწესებულ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის ევროკავშირში ევროინტეგრაციისთვის. ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. მთელი შინაარსით არაკონსტიტუციურია, მაშასადამე არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული.

ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე და წარმოგიდგენთ შესაბამის კანონპროექტს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img