საბა ბუაძე – ჩვენ ერთიანი საარჩევნო სია გამარჯვების ფორმულად არ მიგვაჩნია!

Published:

ჩვენ ერთიანი საარჩევნო სია გამარჯვების ფორმულად არ მიგვაჩნია! – ჩვენ გვჯერა, რომ ხელისუფლების დამარცხებას ამ მართლა სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე რამდენიმე პროევროპული ცენტრის ჩამოყალიბებით შევძლებთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ განუცხადა.

რაც შეეხება „ლელოს“ შიდაპარტიულ კვლევას, რომელზეც დღეს მედიასთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ისაუბრა, ბუაძის თქმით, „ლელოს“ კვლევაში ერთიანი სია არც კი დატესტილა და აღნიშნული საკითხი მათი კვლევის საგანი არ ყოფილა.

ბუაძის განცხადებით, საარჩევნოდ საუკეთესო კონფიგურაციაა, ამომრჩევლის წინაშე რამდენიმე ძლიერი, პროდასავლური ცენტრით წარსდგომა.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ერთიანობა ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ამოცანაა იმისთვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ. ახლა საზოგადოების მთავარი დაკვეთა სწორედ ხელისუფლების ცვლილებაა. ამავდროულად, ხელისუფლების ცვლილებაზე გადის ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გადარჩენა. შესაბამისად, კარგად გვაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესში თითოეულ ჩვენგანს აკისრია.

სწორედ ამის გააზრებით ჩვენ პირველი ვიყავით, ვინც პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ და ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნისკენ მოვუწოდეთ, რომლის ამოცანაც პარტიების იდეების და დღის წესრიგის გარშემო გაერთიანება უნდა იყოს და არა პარტიების მექანიკური გაერთიანება – ერთი საარჩევნო სიის სახით. ეს არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ერთიანობა მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ ერთიანობას უნდა მივაღწიოთ – ეს უნდა იყოს შინაარსობრივი და იდეური ერთიანობა, სადაც მნიშვნელოვანია პრეზიდენტის როლი, რათა პრეზიდენტის დახმარებით ამ ყველაფრის თავმოყრა მოხერხდეს.

ჩვენ გამარჯვების ფორმულად ერთიანი სია არ მიგვაჩნია. პოლიტიკური ძალების ერთ საარჩევნო სუბიექტად კონსოლიდაცია შესაძლოა „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედიოდეს. ჩვენ გვჭირდება საარჩევნოდ ვაჩვენოთ ერთიანობა რამდენიმე სოლიდური და მსხვილი ცენტრის შეთავაზებით და შემდეგ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევით. ეს უნდა იყოს პოლიტიკური ამოცანა და არა მექანიკურად პარტიების ერთ სიაში გაერთიანება.

პროდასავლურმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოახერხონ ერთიანობის დემონსტრირება შინაარსობრივად ერთი დღის წესრიგის გარშემო – ერთიან სიაში გაერთიანება დღის წესრიგში საერთოდ არ დგას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img