ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მწუხარებას გამოთქვამს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო

Published:

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი ექიმი-კარდიოლოგის, ამაგდარი მედიკოსის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს.

„ქალბატონმა გულიკომ, მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა მედიცინას, კერძოდ, კარდიოლოგიას, გულის სნეულებათა კვლევას და მკურნალობას. 1997 წელს, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს, რომლის დირექტორიც, 1994-2014 წლებში იყო,მისი სახელი მიენიჭა. 2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი გახლდათ. გ. ჩაფიძის გულის ცენტრმა ათასობით ადამიანს, მათ შორის ვეტერანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. გულიკო ჩაფიძე 1989 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი იყო .

ქალბატონი გულიკო ჩაფიძე გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, უამრავი მედლის, საერთაშორისო ჯილდოსა და სიგელის მფლობელი, მათ შორის, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი; ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის „საუკუნის ექიმის“ ტიტულისა და შესაბამისი სიგელის მფლობელი; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მინიჭებული აქვს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“ საქართველოში კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; მინიჭებული აქვს, ასევე,საუკუნის სახელი ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; იგი გახლდათ აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის „ნობელის ლაურეატი“.

გამორჩეულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკად. გ. ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და განსაკუთრებულია მზრუნველობა ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ, რომელსაც კლინიკის ხელმძღვანელობა და მედპერსონალი, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ იჩენს; ამ გამორჩეული ურთიერთთანამშრომლობის სულისჩამდგმელი, სწორედ ქალბატონი გულიკო გახლდათ ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და თითოეული ვეტერანი გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს ქალბატონი გულიკო ჩაფიძის მიმართ და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებს, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს.

გულიკო ჩაფიძეს, 23 მაისს, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან გამოასვენებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!“-ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამძიმრის წერილში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img