ძებნაში მყოფ დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელად დარჩათ

Published:

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულებს, ძებნაში მყოფ დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელად დარჩათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ კეზერაშვილისა და ადეიშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განმარტა, ბრალდებულებთან გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

„ორივე ბრალდებული ძებნილია, შესაბამისად, ყველა ის საფრთხე, რაც პირველი წარდგენის სხდომაზე იქნა გათვალისწინებული და შემდეგში, უამრავჯერ ძალაში დატოვებული, კვლავ სახეზეა. ახალი გარემოება გამოვლენილი არ არის, ჩვენ კვლავ ვშუამდგომლობთ, პატიმრობა ძალაში იყოს დატოვებული”, – განაცხადა კოტრიკაძემ.

აღნიშნულს ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, „საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და კეზერაშვილ-ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ“.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბრალდებულების მხრიდან აღუსრულებელი განაჩენებიც არსებობს.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მოცემულობით შეცვლილი არ არის ის ფაქტობრივი და ფორმალური საფრთხეები, რაც საფუძვლად დაედო პირველი წარდგენის სხდომას და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღუსრულებელი განაჩენებიც არსებობს კონკრეტული პირების მიმართ და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, სასამართლოს სხვა მოცემულობა არ აქვს, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იმსჯელოს“, – განაცხადა ელიეშვილმა.

სასამართლო პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ არ დასწრებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც სასამართლოში წარდგენილი ოქმიდან გაირკვა, მან როგორც სხდომაზე გამოცხადებაზე, ასევე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულებიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს აქვთ შეფარდებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img