პარტია “გახარია საქართველოსთვის” უმრავლესობას – თქვენ ვერ შეძლებთ ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ

Published:

სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული, – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას.

პარტია ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პარტია „საქართველოსთვის“ შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოუწევთ, დიდი.

„ქართულმა ოცნებამ” და მისმა ლიდერმა წყალს გაატანეთ ყველა მიღწევა, რაც ამ პარტიის მმართველობის წლებში იქნა მიღწეული. ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს, ვერ დაგიცავთ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისგან და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისთვის და ცივილიზებულ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის. ვერც თქვენ შეძლებთ, ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე: ეს აღარ გეხებათ მხოლოდ თქვენ, ამ ყველაფრით თქვენ ჩვენი შვილების მომავალსაც უქმნით საფრთხეს და ანგრევთ ყველაფერს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აშენა, რისთვისაც იბრძოლა, ხშირად საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად და რასაც მიაღწია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ იქნება დიდი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია“,- აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img