ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ MEGOBARI აქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Published:

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ MEGOBARI აქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზეა აღნიშნული, ორპარტიული MEGOBARI აქტი (აქტი საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის შესახებ) წარმომადგენელთა პალატას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ასევე კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეიზიმ წარუდგინეს.

ჰელსინკის კომისიის განცხადებით, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას.

MEGOBARI აქტის – ძირითადი დებულებებია:

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი აცხადებს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დასაცავად. ის აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის.

დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება – საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ, აქტი მოიცავს მოწოდებას საქართველოს მთავრობის ქმედებებისა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირის გაძლიერებული შესწავლისკენ.

ანგარიშის წარდგენა და სანქციები – აქტი მოითხოვს რამდენიმე მოხსენებას ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ანგარიშებს საქართველოში არსებულ კორუფციულ პრაქტიკებთან დაკავშირებით, რომლებიც მხარს უჭერს რუსულ ინტერესებს და სანქციების გვერდის ავლას, საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევის და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება, გამოვლენა და სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – აქტი ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით არჩევნების დროს, სამუშაო ჯგუფის შექმნას სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ითვალისწინებს აშშ-ის შემდგომ დახმარებას: საქართველოსთან უფრო შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები; ადამიანთა შორის გაცვლითი პროგრამების გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

MEGOBARI აქტის თანასპონსორები არიან ასევე კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი, ემანუელ ქლივერი, ჯი, კოსტა და შეილა ჯექსონ ლი. აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: Freedom House-, Razom for Ukraine, აშშ-ში საქართველოს ასოციაცია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კოალიცია, ჩრდილოეთ კავკასიის ერების კომიტეტმა, Syria-Ukraine Network, Syrian Emergency Taskforce.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img