“ვის შვილებზე ლაპარაკობთ? არ გრცხვენიათ? საკუთარ თავს ეცით პატივი, ჩვენს შვილებს თუ არ სცემთ. რა დაიწყეთ შვილებით ვაჭრობა თქვე უნამუსოებო! გეყოფათ, საკმარისია მართლა! – ასე მიმართა “ხალხის ძალის” რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციას და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს, რომელიც “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, ორი დღეა დეპუტატები ცდილობენ მსხილაძისგან შეკითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა ამის ნაცვლად შეუფერებელ განცხადებებსა და არგუმენტებს ისმენს. განსაკუთრებით კი აღმაშფოთებელია შვილების თემით აპელირება და ამ თემაზე საუბრისას ვიქტორ ჯაფარიძემ ოპონენტები ფაშისტებად მოიხსენია.
“როდესაც ჩვენს შვილებზე საუბრობთ, ვინ ხართ თქვენ? ფაშისტები ხართ თუ ვინ ხართ? სტალინს რომ აგინებთ, იმან თქვა თავის დროზე – შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენო. იმაზე უარესები გამოდიხართ თქვენ. ვინ ხართ, საიდან ხართ, რა მორალით ცხოვრობთ – დამდგარხართ და შვილებზე ლაპარაკობთ? ვის შვილებზე ლაპარაკობთ? არ გრცხვენიათ? საკუთარ თავს ეცით პატივი, ჩვენს შვილებს თუ არ ცემთ პატივს. რა დაიწყეთ შვილებით ვაჭრობა თქვე უნამუსოებო. გეყოფათ, საკმარისია მართლა!
როგორც სხვა პარლამენტარებმა, ვერც მე მივიღე პასუხი თქვენგან. ვენეციის კომისიის დასკვნამდე რომ არ დაგედოთ კანონზე ვეტო (მანამდე კი, ბატონმა ო”ბრაინმა გითხრათ, რომ ვეტოს ფარგლებში მოტივირებული შენიშვნები წარმოგედგინათ), იქნებ შევსულიყავით მსჯელობაში. მაგრამ მესმის, რომ თქვენ ქართველი მოსახლეობის დაკვეთას არ ასრულებთ (არც გვარამიას ნათლული). შეკითხვა მაქვს და ორი დღეა გელოდებით გაგვცეთ პასუხი. მუხლობრივ განხილვებში არ შედიხართ და ის მაინც გვიპასუხეთ, რატომ გინდათ ბურთი ჩვენს მხარეს გადმოვიდეს. ბურთი თქვენს მხარეს იყო. უნდა მოგეტანათ მოტივირებული შენიშვნები და უნდა გვემსჯელა, რამეთუ ამისთვის მზად იყო პარლამენტიც და პრემიერ-მინისტრიც, მაგრამ თქვენ ეს არ გააკეთეთ”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.