ნეოსააკაშვილი – სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანებისა და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა, თანაც სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს – ასე დავახასიათებდი ომის ქარტიას, რომელმაც გააერთიანა „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური „ნაცებით“ და რამაც ოფიციალურად დაასრულა რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები, რადგან რევოლუცია არ გამოვიდა“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ვინაიდან „რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები“ ოპოზიციამ უშედეგოდ დაასრულა, ზურაბიშვილის მეთაურობით, პრეზიდენტი დღეს ხალხს იმ წინადადებებით მიმართავს, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს, რომ ერთადერთი სწორი დემოკრატიული პროცესი არჩევნებია.
„მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის ქალბატონო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა? საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გპირდებით და გეუბნებით ხოლმე, სხვა დანარჩენი კი მატყუარა პოლიტიკოსებისა და ქვეყნის მტრების უნიჭო ოინებია. ახლა კი იმის შესახებ, თუ რას გვეუბნება ნეოსააკაშვილის, იგივე სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული ომის ქარტია, რომ გექნებათ: ერთობა, ერთიანობის გარეშე; ევროპული მიზნები – გამჭვირვალობის გარეშე; არჩევნებში გამარჯვება – გამარჯვების გარეშე, რადგან გაუგებარია ამ გეგმით როგორ იმარჯვებენ, არც ერთ კვლევაში 30%-ზე მეტი რეიტინგი არ აქვს ჯამურად გაერთიანებულ “ნაცკასტას”; ექნებათ ამომრჩევლის ნდობა, ნდობის გარეშე; დებენ პირობას – ყოველგვარი გარანტიების გარეშე; ექნებათ დემოკრატიული სახელმწიფო – დემოკრატიის გარეშე, რადგან საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, ერთპიროვნული ნეოსააკაშვილური მმართველობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შემოგთავაზათ, მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება და ამასთან, მართვის ეს მოდელი, ჩვენი საკონსტიტუციო წყობისგან ძალიან შორს არის. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას აანონსებს და ნდობას უწუნებს, ვისაც თავად არ ჰქონია ნდობა საკუთარი არჩევის მომენტშიც კი და თუ ვინმეს ნდობის აღდგენა სჭირდება, ეს ერთადერთი თქვენ ხართ, რადგან ამ მომენტში ტაშის მკვრელად მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით გაცხოველებული კასტა გყავთ, ვისაც სჭირდებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე შეფასებით, „სიტყვების ბრახუნი სალომე ზურაბიშვილის ძლიერი მხარეა“.
„სხვანაირების გაერთიანება იქნებაო, ნეოსააკაშვილმა ბრძანა და გეთანხმებით, ნამდვილად სხვანაირები ხართ, უსახო და უსულოდ ქცეული მარიონეტები. როცა შენი პოლიტიკა სრულად დაცლილია ყოველგვარი ადამიანური საწყისებისაგან, კოლაფსი უალტერნატივოდ გარანტირებულია, ეს აჩვენა ბოლო კვირებმაც. და ბოლოს, ომის ქარტია და ომის პარტია რა მოსატანია, ჩვენი ქვეყნის მტრები არაერთხელ და არაერთგზის დაგვიმარცხებია. სანერვიულოს კი რაც შეეხება, ახლა, ალბათ, ყველაზე მეტად ვინც უნდა ინერვიულოს, მიშა სააკაშვილია, რომელსაც თურმე ამდენი ხანი იმიტომ კი არ იწყალებდით, ქალბატონო სალომე, რატომაც ჩვენ და საზოგადოებას გვეგონა, არამედ, უბრალოდ მისი ადგილის დაკავება გსურდათ. გილოცავთ, გზა და მორალ აცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილობას!“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.