ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც მან “პირველებს” განუცხადა, იყო შემთხვევები, როცა მას სასამართლო კლანი კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო დაუპირისპირდა და დაემუქრა.
რაც შეეხება, მოსამართლეების მდუმარე პროტესტს, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ამით მათ ხელისუფლება ამხილეს.
“მე ვფიქრობ, რომ ამხილეს, გააკეთეს აქცენტი და ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ირღვევა რუსული კანონის მიღებით. ეს რომ რუსულია, ამაში შესვლა არ გვინდა, თუმცა ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას, ეს არის შედეგი იმისა, რომ სახეზე გვაქვს დაშინებული სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი ასეთი, რომ თუ მე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას, ტვინს გამასხმევინებდნენ. ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი ხელს, ჩემს მიმართ შეიცვლებოდა დამოკიდებულება. ასევე კლანისგან მივიღე ისევ მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას,” – ამბობს ალავიძე.
პარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც “ოცნება” რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, მოქმედი მოსამართლეები სოციალურ ქსელში ერთი-მეორეს მიყოლებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ.