ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში ბუშტებით ნაგავი ჩამოაგდო

Published:

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში სულ მცირე 260 ბუშტით ნაგავი ჩამოაგდო. ოფიციალური სეული მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლებში დარჩნენ.

სამხრეთ კორეის სამხედროები ასევე აფრთხილებენ საზოგადოებას, არ შეეხონ თეთრ ბუშტებს და მათზე დამაგრებულ პლასტმასის პარკებს, რადგან ისინი “ბინძურ ნარჩენებსა და ნაგავს” შეიცავს.

ინტერნეტში ამ ბუშტების არაერთი ფოტო გავრცელდა უკვე. რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, ზოგიერთი ბუშტი ცხოველების ფეკალიებს შეიცავდა.

სამხედროების ინფორმაციით, საჰაერო ბუშტებმა ორი ქვეყნის საზღვარი 28 მაისს გადაკვეთეს და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას ჩამოვარდა. ბუშტები სამხრეთ კორეის 9 პროვინციიდან 8-ში აღმოაჩინეს. სამხედროებმა ნაგავი დეტალური ანალიზისთვის შეაგროვეს.

“ჩრდილოეთ კორეის ეს ქმედებები აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას. მკაცრად ვაფრთხილებთ ჩრდილოეთ კორეას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაადამიანური და ვულგარული ქმედებები”, – განაცხადა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა.

როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კორეა თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის ბუშტებს კორეის ომის დროს იყენებდა. წლების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული ადამიანები საჰაერო ბუშტების დახმარებით სასაზღვრო რეგიონებში საპროტესტო ბროშურებს ავრცელებდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img