შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას – მეტი განათლება და მეტი ზრდილობა რომ გქონდეთ, კარგი იქნება

Published:

ქალბატონო თეონა, თქვენ საქართველოს პარლამენტში იმყოფებით. დუმაში, როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ, ჩვენ პარლამენტი ვართ, მთავრობა არ ვართ სხვათა შორის, ესეც უნდა იცოდეთ, ეს საკანონმდებლო ორგანოა, ცოტა მეტი განათლება და ცოტა მეტი ზრდილობა რომ გქონდეთ, კარგი იქნება, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, სადაც „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება, აქუბარდიამ მთავრობა რუსულად მოიხსენია, რის შემდეგაც, მას პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა შეაწყვეტინა.

„მივესალმები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და მადლობა მინდა ვუთხრა იმ ვეტოსთვის, რომელიც პრინციპული პოზიციაა და რომელიც წინააღმდეგობაა არამხოლოდ კანონთან მიმართებაში, არამედ ვფიქრობ, რუსულ მთავრობასთან მიმართებაში“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში ერთი კაცის – „ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური კურსის წინააღმდეგ წავიდა და თავის ფულის გამო ქვეყნის ბედით ვაჭრობს“.

აქუბარდიას თქმითვე, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, არასდროს დაბრუნდება რუსული გალენის ქვეშ და რომ ოქტომბერში ხალხი გასცემს პასუხს მათ შორის, ივანიშვილს, რომელიც საკუთარი და კრემლის ინტერესების გასატარებლად მოვიდა“.

ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, საზოგადოება ხელისუფლებას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებს, „მორალური პასუხისმგებლობა კი, რომ არ გაგაჩნიათ, ამას ისედაც ხედავს“.

აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ ის „საარჩევნო სიის გამო, ასეთ მდაბიო საქციელზე არ უნდა წავიდეს“.

„ვაიმე, ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობის ერთად თქმა, როგორ შეგიძლიათ მიკვირს, წესით უნდა გასკდეთ ამ დროს ბოღმისგან, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს, განსაკუთრებით, ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეს ბოღმა დაგახრჩობთ. სირცხვილი, ამ დონემდე რომ ხართ დაშვებული. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ, რომ ვინმეს თავი მოაწონოთ, რომ სიაში ჩაგსვათ, მაგრამ ამის გამო, ასეთი მდაბიო გამოსვლები, ასეთი მდაბიო საქციელი, რასაც თქვენ კადრულობთ, არ ვიცი, უბრალოდ, საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ. უცხოეთთან თანამშრომლობას რაც შეეხება, თქვენკენ მოიკითხეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img