პრეზიდენტის ბრძანებულებით რეფერენდუმის დანიშვნას, რა ინიციატივითაც 28 მაისს სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა – ე.წ. კონტრასიგნაცია სჭირდება.
პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით, მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, რეფერენდუმი დანიშნოს, თუმცა პრემიერის მხრიდან თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეფერენდუმი ვერ გაიმართება.
კანონის თანახმად, რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ.
ამასთან, კანონში პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იმართება.
რეფერენდუმს ამზადებს და ატარებს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დაძლია. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.
“გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? – გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე! საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს – გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველა ერთად. 84 კაცი არავინაა იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.
მეორე მთავარი საქმე – თქვენი, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდების მთავარი მოვალეობა, მას შემდეგ, რაც ხელმოწერებს შეაგროვებთ და ჩემთან მოიტანთ, იქნება ის, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმიტომ, რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა, ასევე ჩვენი დიასპორის მინიმუმ ნახევარი მილიონი ხმა არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.