ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე იმუქრებიან. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება და ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დავასრულებთ რუსულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებს”.
ნიკა ობოლაძის განცხადებით, ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობაა.
„ჯერ ერთი, ეს ხალხი კანონის განხილვისას გამოდიოდა და ამბობდა, რომ სიტყვა აგენტი ნეიტრალური სიტყვაა და მერე რა მოხდა, თუ კანონში წერია და კარგ საქმესაც აკეთებენ გავლენის აგენტები. ახლა მიიღეს კანონი და ბლანკეტურად, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ ამ სიტყვას და ამბობენ, რომ ყველა აგენტები და დასაკავებლები არიან.
ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ. როდესაც არ გამოსდით, ასე ყვირიან და იმუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება, ეს პროტესტი გაგრძელდება და რამდენიმე კვირაში, თუ რამდენიმე თვეში მივალთ ლოგიკურ შედეგამდე. საქართველოს აღარ ეყოლება რუსული ხელისუფლება“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.