ბულინგი დაიწყეს, როცა ვთქვით, რომ ქვეყანა უცხოური გავლენებისგან უნდა დაგვეცვა, ეს ჩვენზე ვერ იმოქმედებს, რადგან სასწორის მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
წილოსანის თქმით, წარმოუდგენელია, საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ ისინი, ვინც ბულინგით არიან დაკავებული.
„ეს პროცესი კანონის მიღებით არ დაწყებულა, დაიწყო მაშინ, როცა ვთქვით, რომ გვინდოდა, ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაგვეცვა. ოპოზიციური პარტიები თუ პარტიული ჟურნალისტები ზიზღის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე ვერ იმოქმედებს, რადგან სასწორის მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესია და დარწმუნებული ვართ იმაში, რაც გავაკეთეთ. ვიცით, რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა. ეს პროცესი კარგ ლუსტრაციას ახდენს – ვინც ბულინგით არის დაკავებული, წარმოუდგენელია, უცხო ძალის ინტერესებს არ ატარებდნენ და საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ.
პროცესმა დაგვანახა, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ადამიანების უმრავლესობა კონკრეტულ დავალებებს ასრულებს, რაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წახალისებას, ანარქიას, ბიზნეს აქტიურობის შეჩერებას, ეკონომიკური წინსვლის დაპაუზებას, ადამიანების ბულინგს ემსახურება. მივესალმები იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. საზოგადოებამ საჯაროდ უნდა გაიგოს ყველა ადამიანის შესახებ, ვინც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. საზოგადოება ნახავს, ვინ მტრობს საზოგადოებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.