„ექსპო ჯორჯიაში” წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მწერლებმა, გამომცემლებმა და მთარგმნელებმა რუსული კანონი გააპროტესტეს. ისინი სცენაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და ბანერებით ავიდნენ.
მათი თქმით, ეს ფესტივალი გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გადაურჩეს ქვეყანა რუსულ რეპრესიებს, ეს გზა არის დახმარება დასავლელი პარტნიორებისგან.
„ჩვენ ამით ვაჩვენეთ, რომ ქართული ლიტერატურა არის ერთიანი. როგორც აქამდე ვიყავით ერთიანი კრიტიკულ მომენტებში, ასევე ვრჩებით ერთიანები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას, რომ ეს ერთიანობა არის ჩვენი გამარჯვების ფორმულა დღეს .
ჩვენ არ ვემორჩილებით რუსულ კანონებს, არ დავემორჩილებით, ეს ქვეყანა არ იქნება მორჩილებაში, არცერთი დიქტატურის მიმართ. ძირს ყველა დიქტატორი! ძირს ყველა ვინც შეეცდება ამ ქვეყანაში, თავისუფლების, თავისუფალი ქართველი მოქალაქეების დამორჩილებას!” – განაცხადა სცენიდან მწერალმა ტორესა მოსიმ.
„წიგნით ევროპისკენ“ – ასეთია წელს თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალის ლოზუნგი. ფესტივალი 30 მაისს დაიწყო და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერაა დაფინანსებული.