თუ ვინმეს აქვს ასეთი ინიციატივა, რომ ბავშვებზე, ან პაციენტზე ჯავრი იყაროს იმიტომ, რომ ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, ეს მე პირადად, მართებული გადაწყვეტილება არ მგონია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრს კითხვა დაუსვეს ფონდების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც აღნიშნავენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო, შესაძლოა, მათი საქმიანობა კითხვის ქვეშ დადგეს.
სარჯველაძის თქმით, დიდი ნაწილი, რაც საქველმოქმედო მიზნით ხორციელდება, მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უცხოური ინტერესი აპრიორი სასარგებლო და კარგია.
„კონტრ კითხავს დავსვამ, ვინც აცხადებს, რომ საფრთხე ექმნება, რას ამბობენ? იმას, რომ დონორები ბავშვებს არ დააფინანსებენ იმიტომ, რომ გაბრაზდებიან? თუ ამბობენ იმას, რომ ისინი თვითონ არ გააგრძელებენ, ამ კანონის მიღების გამო, ბავშვების დახმარებას, გინდათ, ფსიქოემოციური თვალსაზრისით, გინდათ ნებისმიერი. ოღონდ, აქვე დავაზუსტოთ, აუცილებლად უნდა თქვათ, რომ რა პროგრამაც აქვს სახელმწიფოს მის ფარგლებში, ყველა კარგად ვხვდებით, რომ აქ მკურნალობის ხარჯებზე საუბარი არ გახლავთ ვინაიდან, დღეს, სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობისთვის უკლებლივ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს. თუკი ვინმეს დამატებით სასიკეთო ინიციატივა აქვს ბავშვების მხარდაჭერისთვის, მათი გაძლიერებისთვის, რაც შეიძლება ამდიდრებდეს ასეთ სივრცეს, რასაკვირველია, რომ ეს არის კარგი საქმე და არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ვინმეს, რაიმე მიზეზი ჰქონდეს, რომ ახლა გაუწყრეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას და ამის გამო დაჩაგროს და ჯავრი იყაროს ბავშვებზე, რომელსაც მანამდე ეხმარებოდნენ და ახლა, ხელისუფლებაზე უკმაყოფილების გამო აპირებენ, რომ ეს შეწყვიტონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ რეესტრში ორგანიზაციების დარეგისტრირებას, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, საქმე იმაშია, რომ საქართველოში არსებობს უცხო სახელმწიფოების, მეგობარი სახელმწიფოების ფინანსების შემოსვლის პრაქტიკა, რომელიც უაღრესად დასაფასებელია და ამისთვის საქართველო მეგობარი სახელმწიფოების მადლიერია.
„ბავშვზე ან ნებისმიერ პაციენტზე, თუ ვინმე, რაიმეს ხარჯავს, რა საკვირველია, ასეთი უცხოური ინტერესი მისასალმებელია. აქ არაფერი დასამალი არ არის და ასეთი უცხოური ინტერესი, მისი გამტარებელი ორგანიზაციაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ თუკი არის რაიმე განსხვავებული მოტივაცია, ისეთი, რომელიც ჩვენი საზოგადოების რომელიმე წევრის თვალთახედვიდან გამომდინარე არ ეთანხმებოდეს ქართულ ინტერესს, ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში უნდა ჰქონდეთ უფლება ფლობდნენ ინფორმაციას, ასეთი გავლენა უცხოურია, თუ წმინდად ქართული“, – განაცხადა სარჯველაძემ.