დაჩი ბერაია – გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა

Published:

გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა, თუმცა შეიძლება იმ ინტერესის გამო, ვარ თუ არა დასანქცირებული, ამხელა გზა გავიარო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებთან ამერიკის სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

ბერაიას თქმით, აშშ-ს შეეძლო წერილობით შეეტყობინებინათ ან საჯაროდ გაეცხადებინათ დასანქცირებულების შესახებ, თუმცა ასე არ მოიქცნენ.

“30-წლიანმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ შედეგად მოგვცა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არასდროს ჰქონდათ შესაძლებლობა და უფლება, ლეგალურად შესულიყვნენ აშშ-ში და საზღვარი გადაელახათ. მათი გადმოსახედიდან ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა.

ჩვენ ვსაუბრობთ ქართველ ხალხზე, რომლებიც გადადიან მექსიკის საზღვრით. ნაწილი რომ გადადის ჩვეულებრივად, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა?

გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა, თუმცა შეიძლება იმ ინტერესის გამო, ვარ თუ არა დასანქცირებული, ამხელა გზა გავიარო. საათობით უნდა ვიფრინო, დღე და ღამე ვიმოგზაურო იმისთვის, რომ გავიგო სანქცია დამიწესდა თუ არა? შეეძლოთ წერილობით შეეტყობინებინათ ან როგორც მოსამართლეების შემთხვევაში, საჯაროდ გაეცხადებინათ, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე?”, – აღნიშნა დაჩი ბერაიამ.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა – შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img