გახარია – რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებ ხმებს მოიპარავს „ოცნება“

Published:

რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებ ხმებს მოიპარავს “ოცნება“ – 2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას მთელი საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება, – ამის შესახებ დღეს, პოლიტიკური პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარია გუნდთან ერთად მარტვილსა და ფოთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრებზე მან ისაუბრა ადგილობრივ პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის აუცილებლობაზე.

„ჩვენ საარჩევნო კამპანია დავიწყეთ. რეგიონებში გვაქვს გასვლითი შეხვედრები. ვამზადებთ გუნდს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ იცოდნენ როგორ უნდა დაიცვან ხმები. ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.

სამწუხაროდ, დღეს, განსაკუთრებით ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ “ოცნებამ” არჩევნების მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ. ცდილობენ, მაგრამ არსებობს ის რესურსი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად არჩევნებზე ხმების დაცვას შეძლებს.

უფრო რომ დავკონკრეტდეთ, პირველ რიგში, რაც არის აუცილებელი პირობა – ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე. მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე მით ნაკლები შესაძლებლობა ექნება “ოცნებას”, რომ ხმები მოიპაროს. ჩვენ ვითანამშრომლებთ, პირველ რიგში, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომელთა როლი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და გავუზიარებთ მათ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას.

2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას დააკვირდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის.

ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელმაც უკვე დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და კამპანიის ჩატარებას. ჩვენ დღეს ამ პოზიციაზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ხან ერთიანდება, ხან იშლება, იქმნება სხვადასხვა ფორმატები, პლატფორმები. ცხადია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ, ადამიანებს და პოლიტიკურ ძალებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ დამოუკიდებლად განვაგრძობთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img