წარმატებული დაშვება განახორციელა. ეს უზარმაზარი ნაბიჯია პროტოტიპული სისტემისთვის, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს, ადამიანები მარსზე უნდა წაიყვანოს.
რაკეტა ატმოსფეროში ინდოეთის ოკეანის თავზე შემოვიდა, ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით. პროცესი მასზე დამონტაჟებულმა საბორტო კამერამ გადაიღო.
„მრავალი დაზიანების მიუხედავად, Starship-ი მაინც უსაფრთხოდ, ნელა დაჯდა ოკეანის ზედაპირზე. დიდებული დღე იყო კაცობრიობის, როგორც კოსმოსში მოგზაური ცივილიზაციის მომავლისთვის“, — წერს SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი X-ზე.
ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტა ტეხასის შტატიდან, SpaceX-ის ბოკა-ჩიკას ბაზიდან აფრინდა, ავიდა ორბიტაზე და თითქმის ნახევარ პლანეტას შემოუფრინა. მთელი ეს ტურნე დაახლოებით ერთ საათსა და ექვს წუთს გაგრძელდა.
Starship-ი მრავალჯერადი გამოყენებისაა და გადამწყვეტია მასკის ამბიციური ხედვების განსახორციელებლად — წითელი პლანეტის კოლონიზება და კაცობრიობის გადაქცევა მრავალპლანეტურ სახეობად.
ამასობაში, NASA-ს კონტრაქტის საფუძველზე, Starship-ის მოდიფიცირებულმა ვერსიამ რამდენიმე წელიწადში ასტრონავტები მთვარეზე უნდა ჩაიყვანოს, მისია „არტემისის“ ფარგლებში.
წინა სატესტო ფრენები Starship-ის განადგურებით დასრულდა, რაც კომპანიის განცხადებით, სრულიად მისაღებია, თუ გავითვალისწინებთ, რა სწრაფად მიმდინარეობს მასზე მუშაობა.
„ამ სატესტო ფრენების მთელი ღირებულება არის მონაცემები“, — წერს SpaceX-ი.
მასკის განცხადებით, შემდეგი გამოწვევაა „სრული და დაუყოვნებლივ მრავალჯერადი გამოყენების ორბიტული სიცხის ფარის“ შექმნა, რომელმაც კოსმოსში რაკეტის 27 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას უნდა გაუძლოს.
აფრენიდან დაახლოებით 7,5 წუთის შემდეგ, პირველი ეტაპის გამწევი, სახელად Super Heavy, ვერტიკალურად დაეშვა მექსიკის ყურეში.
Starship-ის სიმაღლე 121 მეტრია, თავისუფლების ქანდაკებაზე 27 მეტრით უფრო მაღალი.