ლაიენი: „უკიდურესი მემარჯვენეებისა და მემარცხენეების წინააღმდეგ ბასტიონს ავაგებთ“

Published:

საფრანგეთსა და გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიების მნიშვნელოვანმა წარმატებამ მაინც ვერ შეძლო ევროპის პარლამენტში ცენტრისტული უმრავლესობის ჩამოშლა – ასეთია საერთოევროპული არჩევნების შედეგები, რომელიც კვირას, 9 ივნისს დასრულდა. ამრიგად, გერმანული გამოცემის DW ცნობით, ევროპის კომისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს თანამდებობა შესაძლოა 2029 წლამდე შეინარჩუნოს.

„ჩვენ გავიმარჯვეთ ევროპულ არჩევნებზე. ჩვენ – უდავოა, ყველაზე ძლიერი პარტია ვართ. ჩვენ ვართ სტაბილურობის ღუზა, – განუცხადა ლაიენმა ჟურნალისტებს, რომლებიც ბრიუსელში არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემების გამოცხადებისთვის შეიკრიბნენ. – ცენტრი დგას“.

მისმა მემარჯვენე–ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ ევროპარლამენტში 720–დან 191 მანდატი მოიპოვა. მეორე ადგილზე ოდნავ შესუსტებული სოციალისტებისა და დემოკრატების მემარცხენე–ცენტრისტული ჯგუფი გავიდა 135 მანდატით. ამას მოჰყვება მკვეთრი ვარდნით ლიბერალური ჯგუფი Renew – 83 ადგილით პარლამენტში.

„უკიდურესი მემარჯვენეებისა და მემარცხენეების წინააღმდეგ ჩვენ ბასტიონს ავაშენებთ“, – უთხრა 65 წლის ფონ დერ ლაიენმა სახალხო პარტიის მხარდამჭერებს. ამით მან სიგნალი გაუგზავნა მემარცხენე–ცენტრისტებს და ლიბერალებს, რომლებთან თანამშრომლობაც მოუწევს თავისი პროგრამის რეალიზაციისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მარინ ლე პენის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ „ნაციონალური გაერთიანება“, ავსტრიის თავისუფლების პარტიამ და „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწიეს ამ არჩევნებზე, მაინც ვერ შეძლეს მკვეთრად ევროკავშირის პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა. თუმცა, ისინი იქნებიან ევროპარლამენტში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img