გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელი, რეუტ შაპირ ბენ-ნაფტალი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ღაზაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს და რომ „ჰამასთან“ უაზრო მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.
დიპლომატმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს უზრუნველყოს, რომ ღაზა მომავალში ისრაელს საფრთხეს აღარ შეუქმნის.
გაერო-ში ისრაელის წარმომადგენლის მტკიცებით, ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამასის“ შესაძლებლობები არ მოიშლება.
მისი თქმით, „ჰამასი“ „გაუთავებელ მოლაპარაკებებს დროის გასაჭიანურებლად იყენებს“.
რეუტ შაპირ ბენ-ნაფტალიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც „ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო.