გრიგოლ ლილუაშვილი – ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა

Published:

ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტში, სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, ანექსიის გამოხატულებაა.

„ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობას დააზიანებდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონპროექტი ე.წ. პარლამენტს დასამტკიცებლად 2023 წელს წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში 30 ათასი აპარტამენტი უნდა აშენდეს.

„კანონპროექტი“ ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვინაიდან ხსენებულით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.

„საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს დამატებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავების, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში მაქსიმალურ კონტროლზე გვქონდა აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება და გატარებულ იქნა ყველა საჭირო ღონისძიება, რითაც მოვახერხეთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების პრევენცია და განეიტრალება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img