სალომე ზურაბიშვილის [კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების] შანსები მინიმუმს ქვემოთ არის, მიუხედავად იმისა, რომ მას ლაზარე გრიგორიადისი მხარს უჭერს – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობას, ამ თემით გარკვეული სპეკულირება ოპოზიციური ფლანგის ნარატივი იქნება და სხვა არაფერი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა ის ამომრჩეველი, რომელმაც ის აირჩია.
როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი პარლამენტის შემადგენლობა.
“იცით, რომ მომავალი არჩევნები აღარ არის საყოველთაო-სახალხო. მომავალი პრეზიდენტის არჩევა ხდება ხმოსანთა მიერ, რომელიც კომპლექტდება პარლამენტის წევრებისაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წარმომადგენლებისაგან. აქედან გამომდინარე, მომავალი პრეზიდენტის ბედი, თუ ვინ იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი პარლამენტის შემადგენლობა და რა თქმა უნდა, ამ დროისთვის მოქმედი საკრებულოების შემადგენლობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხედავთ, თუ როგორი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში ძალთა თანაფარდობა. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის შანსები მინიმუმს ქვემოთ არის, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი მას მხარს უჭერს.
რაც შეეხება კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობასთან დაკავშირებით – ამის წინასწარი არანაირი ინფორმაცია, ან წინასწარი რაიმე ინდიკაცია არ ხდება. ძირითადად ამ თემით გარკვეული სპეკულირება ალბათ, უფრო ოპოზიციური ფლანგის ნარატივი იქნება და სხვა არაფერი,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.