უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმეტესობის პოზიციისგან განსხვავდება. უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, რაც შეიძლება იმისგან განსხვავდებოდეს, რაც ჩვენ გვჯერა. რის შესახებაც დღევანდელ შეხვედრაზე გავამახვილეთ ყურადღება, არის ის, რომ (ნატოს) გარეთ ნებისმიერი ოპერაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და უნგრეთს ის გარანტიები მიეცა, რასაც ითხოვს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ალიანსის მიერ უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ უნგრეთის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად პერსონალს ან ფინანსებს არ გამოყოფს.
„ამ საქმიანობაში უნგრელი პერსონალი არ ჩაერთვება და მის მხარდასაჭერად არც უნგრეთის ფინანსები იქნება გამოყენებული. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი ამ ძალისხმევას წინააღმდეგობას არ გაუწევს და სხვა მოკავშირეებს წინსვლის საშუალებას მისცემს. ასევე, მან დაადასტურა, რომ უნგრეთი ნატო-ს ვალდებულებების სრულად შესრულებას გააგრძელებს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.