შვეიცარიაში 15-16 ივნისს უკრაინის გლობალური მშვიდობის სამიტი გაიმართება, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არ დაესწრება. ინფორმაცია ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, მიიღო თუ არა პრემიერმა მოწვევა.
ფორმულას ინფორმაციით, სამიტზე მიწვევა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო და ის სამიტს დაესწრება. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი შვეიცარიაში ამჯერადაც მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრება.
გლობალური მშვიდობის სამიტის მიზანი უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო შეთავაზებების განხილვა და მის გარშემო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.
აღსანიშნავია, რომ მოწვევის მიუხედავად, სამიტს არ დაესწრება ჩინეთი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე 100 ქვეყნისგან მიიღო დასტური, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე და მიზეზად რუსეთის წარმომადგენლის არყოფნა დაასახელა.
უკრაინის მშვიდობის სამიტს არ დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისთვის საჩუქარი უწოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაესწრება.
გასულ კვირას თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება აშშ-ის წარმომადგენელი მშვიდობის სამიტზე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვაშინგტონი და ბაიდენი უკრაინის გვერდით არ ყოფილან.
“ამ კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია და აგრძელებს იმდენის გაკეთებას, რამდენსაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი აუცილებელი, რათა რუსული აგრესიისგან თავი დაიცვას”, – თქვა კირბიმ.