ხანძარი ახალციხეში – გვიან ღამით, ცეცხლი თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიან კორპუსში გაჩნდა, საიდანაც 44 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. თავდაპირველად ცეცხლი სახლის სახურავს მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს, სასწრაფოს და საპატრულოს ეკიპაჟები.
მათ, ვინც თანხმობა განაცხადეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დროებით, სასტუმროებში გადაიყვანეს. ზარალის აღრიცხვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ახალციხის მერია დაზარალებულებს მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება.