ირაკლი კობახიძესთან სცენის გაზიარება მიუღებელია – სალომე კორკოტაშვილმა ბერლინში კონცერზე უარი თქვა

Published:

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) უარს ამბობს გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რომელიც ბერლინში, სასტუმრო “ადლონში” 21 ივნისს უნდა გაიმართოს. როგორც მომღერალი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მან ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” სხვა წევრები.

“გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ – ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება” – უთხრა მომღერალმა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით იმის საკითხავად, ვისით ჩანაცვლდება მომღერალი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათთან გვქონდა ასევე კითხვა იმის შესახებ, რომელ უწყებას ჰქონდა გაფორმებული სალომე კორკოტაშვილთან და მისი ბენდის წევრებთან ხელშეკრულება – უწყებას ჩვენს კითხვებზე არ უპასუხია. 

საელჩოს სახელით დაგზავნილ მოსაწვევ ბარათზე, რომელიც 21 ივნისს, 15:30 წუთზე ეპატიჟება გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ღონისძიებაზე, აღნიშნულია, რომ ამ წვეულებას დაესწრება ირაკლი კობახიძე. მუსიკალურ გაფორმებაზე მასში ინფორმაცია არ არის დატანილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img