გალტ & თაგარტის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის მაისში თბილისში 3 197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი.
ამასთან ერთად, ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. გალტ & თაგარტის ექსპერტების მოლოდინით, სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ ჭრილში თანდათანობით აღდგება.
გალტ & თაგარტის მონაცემებით, ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში თბილისში სულ 15 920 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.8%-იანი ზრდაა. ეს ზრდა სრულად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების ზრდით (+8.1% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე წლიურად 5.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ პირველადი ბაზრის ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი (ჯამურად პირველადი გაყიდვების 24.4%) დიდ დიღომში დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი
დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ფასები
გალტ&თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.
ბაზრის ზომა
2024 წლის მაისში თბილისში 244.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.2%-იანი კლებაა და შემცირებული ტრანზაქციების რაოდენობას მიეწერება. ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში 1,209.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+5.8% წ/წ), რაც ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვებისა და ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
ქირა
იჯარის ფასების წონასწორობის ახალი წერტილი ბოლო 5 თვის განმავლობაში კვადრატულზე 10 აშშ დოლარის ფარგლებშია. შესაბამისად, 2024 წლის მაისში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი).
სამშენებლო ნებართვები
2024 წლის პირველ 5 თვეში 95 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ
ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811 613 მ2-ს შეადგენს (-3.1% წ/წ). დიდი დიღომი, საბურთალო
და სამგორი სამშენებლო ნებართვების მხრივაც, როგორც გაყიდვების შემთხვევაში, ყველაზე პოპულარულია.