ბაიდენის საარჩევნო რბოლიდან გასვლის შეფასებები

Published:

გუშინ, 21 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სოციალურ ქსელ “X”-ში დაწერა, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბაიდენი წერილით ამერიკელ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება თავისი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია.

“ჩემთვის უდიდესი პატივია ცხოვრებაში, გემსახუროთ პრეზიდენტად. მართალია, კვლავ არჩევას ვესწრაფოდი, ვთვლი, რომ ჩემი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, გადავდგე და ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დავუთმო მთელი ყურადღება დარჩენილ ვადაში”,- ვკითხულობთ ბაიდენის განცხადებაში.

ბაიდენი ასევე წერს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს მხარს (კამალა ჰარისი აშშ–ის ვიცეპრეზიდენტია 2020 წლიდან). ბაიდენი დემოკრატებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და “დაამარცხონ ტრამპი”

კამალა ჰარისმა ბაიდენის ნაბიჯების საპასუხოდ ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი “არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის”, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და “ჩვენი ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის”. ჰარისმა ასევე განაცხადა: “ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია დავიმსახურო და მოვიგო ამ ნომინაციაში”.

ჯო ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და ჯო ბაიდენს “კენჭისყრისთვის უვარგისი” უწოდა. ტრამპის აზრით, ამერიკა დიდ ზარალს ნახავს ბაიდენის პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ამ პრობლემას მალე გამოასწორებს. ტრამპს სოციალურ პლატფორმაზე Truth Social მოჰყავს თავისი ლოზუნგი: “გახადე ამერიკა დიადი!“

„არჩევნებამდე კიდევ ოთხი თვეა, ეს არის დიდი დრო, რომლის დროსაც ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბაიდენის განცხადების შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ “X”-ში დაწერა, რომ პატივს სცემენ ბაიდშენის რთულ, მაგრამ ძლიერ გადაწყვეტილებას. 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყოველთვის მადლიერი იქნებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობისთვის. ზელენსკის აზრით, ბაიდენმა უკრაინას მხარი დაუჭირა ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში და მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში განაგრძობს უკრაინის დახმარებას.

ზელენსკი წერს, რომ უკრაინასა და მთელ ევროპაში სიტუაცია ისევ რთულია და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შემდგომი ძლიერი ლიდერობა რუსულ ბოროტებას არ მისცემს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.

“ჩვენ პატივს ვცემთ მკაცრ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. უკრაინა მადლიერია თავისუფლებისთვის ბრძოლაში პრეზიდენტ ბაიდენის ურყევი მხარდაჭერისთვის, ყოველთვის მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობისთვის”, – ვკითხულობთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ბაიდენმა რთული გადაწყვეტილებები მიიღო, „რისი წყალობითაც პოლონეთი, ამერიკა და მსოფლიო უფრო უსაფრთხოა და დემოკრატია უფრო ძლიერი. „ვიცი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებისას თქვენც იგივე მოტივები გამოძრავებდათ“, – დაწერა ტუსკმა X-ზე.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდაც. მისი თქმით, იგი ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს რადგან მიაჩნია ის მოიცავს აშშ-ის შიდა პოლიტიკას. “ვაღიარებ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება ეფუძნება მის სურვილს, მიიღოს საუკეთესო პოლიტიკური გადაწყვეტილება,” – აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი სოციალურ ქსელში წერს: “ჯო ბაიდენი იყო ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და კამალა ჰარისი მასთან ერთად იყო ამ გზის ყოველ ნაბიჯზე. ბოლო 4 წლის განმავლობაში მან ხელი მოაწერა ბაიდენის ღია საზღვრების გადაწყვეტილებას და მწვანე თაღლითობის პოლიტიკას, რამაც გაზარდა საცხოვრებლისა და საკვები პროდუქტების ღირებულება. მას ეკუთვნის ყველა ეს წარუმატებლობა და ის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ – მართავდა ერს პრეზიდენტით, რომელსაც მოვალეობის შესრულება არ შეეძლო. პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ, გადავარჩინოთ ამერიკა, ვინც არ უნდა იყოს დემოკრატების პირველ ადგილზე”, – ვკითხულობთ ჯეიმს დევიდ ვენსის განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით, შტატების დემოკრატიული კომიტეტების ასოციაციის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებას.

„ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯდომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან“, – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი “X”-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისივე განმარტებით, პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან.

ამასთან, კენ მარტინი ხაზს უსვამს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისზე უფრო კვალიფიციური არავინ არსებობს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img