“თქვენ სინდისზე იყოს”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნება” დანიის გადაწყვეტილებას, საქართველოს სამხედრო დახმარება შეუჩეროს. ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ საქართველოს თავდაცვას ფინანსურად ისედაც არ უჭირს და დანიის 71 მლნ-იანი დახმარებაც სრულიად არ ესაჭიროებდა.
ზარქუა ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო პოლიტიკა გადაიტვირთება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
“რა 71 მლნ, ხალხო? მლრდ-ზე მეტი აქვს დაფინანსება ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტს. ახლა პრემიერის გადაწყვეტილებით 100 მლნ კიდევ დავუმატეთ. ვინ გაუკეთებს საბოტაჟს, რა დანია, მათ სინდისზე იყოს, თორემ ქართველი ბიჭები, ჩვენი მეომრები ყველა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდნენ. ელაპარაკო აქუბარდიას. კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის დროებითი. უახლოეს პერიოდში მოხდება გადატვირთვა მსოფლიო პოლიტიკის, დამერწმუნეთ და ეს ფსევდოლიბერალები, უსამშობლოები, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ შენი ქვეყანა, შენი ხალხი, ესენიც როგორც შარშანდელი თოვლი, ისე გაქრებიან,” – ამბობს ირაკლი ზარქუა.