სტიქია აჭარაში – უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიტბორა სახლების ეზოები.
რამდენიმე საათით გადაიკეტა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა. მძღოლების თქმით, წყლის დონე გზაზე იმდენად მაღალი იყო, რომ მანქანებმა მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ჩაქვის მონაკვეთზე 20-მდე ავტომობილი იყო გაჩერებული. მძღოლები ამბობენ, რომ წყალმა ავტომობილებიც დააზიანა.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული მონაკვეთი ხშირად იტბორება, რისი მიზეზიც სანიაღვრე არხების გაუმართაობაა და დაბალი მოცულობის მილებია, რომლებიც დიდი ოდენობით მოსული ნალექის გატარებას ვერ ახერხებს.
დატბორვის შემდეგ, ჩაქვის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია – განცხადებას ბათუმის მერიის კომპანია “ბათუმის წყალი” ავრცელებს და წერს, რომ გზა უკვე გაწმენდილია.
- სანიაღვრე მილების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ქალაქის მასშტაბით, უწყვეტად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ჭების წმენდა.
- უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად, დაბა ჩაქვის საავტომობილო გზის ნაწილზე შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.
- ბათუმის წყლის ავარიული ჯგუფის მიერ განხორციელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, კერძოდ ტექნიკის მეშვეობით გაიწმინდა გზის სავალი ნაწილი და ამოიტუმბა საცხოვრებელი სახლის სარდაფები.
- ამ დროისთვის დაბა ჩაქვში გზა სრულად გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია, – წერს “ბათუმის წყალი”.