„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა“.
„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო.
ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 3 აგვისტოს, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა.
ჩვენ დავადგინეთ მათი ვინაობა – როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი, რომლის გასაღებასაც „ოცნება“ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობს, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩნდა:
„ოცნების“ აქტივისტი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებთან დაახლოებული, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და თორნიკე რიჟვაძის ნათესავი – მანუჩარ რიჟვაძე;
მისი თანმხლები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და „ოცნების“ კოორდინატორები: ნუგზარ ინაიშვილი – ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ოცნების“ ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია, ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ოცნების“ უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი – ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის სპეციალისტი („ოცნების“ აქტივისტი).
მაშინ, როცა ხელისუფლება ხელს გვიშლის კანონიერი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და ჩვენთვის დღემდე ხელმიუწვდომელია სამთავრობო მედია-საშუალებები, „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტურად უკანონოდ, შეუზღუდავ წინასაარჩევნო კამპანიას სასამართლო დარბაზიდან ატარებინებს, რასაც აქტიურად გადმოსცემს მის მიერ კონტროლირებადი მედიით.
მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს „ოცნების“ წინააღმდეგ „ნაცმოძრაობა“ იყენებდა და რასაც თავად ებრძოდა.
არჩევნების დაცვის ჩვენი ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ყველა ასეთი ფაქტის და უთანასწორო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.